ვაჟაზე წერდნენ

ექვთიმე თაყაიშვილის ემიგრანტული ნაშრომები 



ვაჟა-ფშაველა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიქნა ჩვენი საზოგადოებისათვის ცნობილი, როდესაც დაბეჭდა პოემა, რომელშიც ერეკლე მეფეს არწივს ადარებს. ილიამ ძალიან გაუთქვა და გაუკეთა სახელი. ამბობდა, რუსთაველის შემდეგ მაგისთანა პოეტი არ გვყოლიაო. პირდაპირ გაგიჟებული იყო ვაჟაზე, მაგრამ სხვები არ ეთანხმებოდნენ. ილიასთან გამართულ ხუთშაბათ-საღამოებზე ძალიან ხშირად კითხულობდა ვაჟას ლექსებს „ივერიის“ რედაქციის გამგე გიგა ყიფშიძე, რომელმაცკარგი კითხვა იცოდა სერთოდ… ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი პეტერბურგში, როდესაც უნივერსიტეტში შევედი. ის მოვიდა თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში და ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომას სათვისტომო საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად. არავითარი რვეული ან წერილობითი საბუთები ხელში არა ჰქონია და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსების ზეპირად დამახსოვრება. ლექსები, რასაკვირველია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე. ის ცხოვრობდა ერთ ჩემ ამხანაგ გოცირიძესთან, მაგრამ დიდხანს ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და გასცილდნენ. თბილისში რომ ჩამოვედი, მას ვერა ვხედავდი, მაგრამ ერთი მისი საქმე წამოიჭრა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომიტეტში და მაშინ შევიტყვე, რომ მანგლისის მახლობლად თონეთში ყოფილიყო მასწავლებლად. თონეთელებიდან ასეთი საჩივარი მოვიდა: ცუდად იქცევა, მუშტი-კვრით გვიმასპინძლდება და ხანჯლითაც გვემუქრებაო. იქ გაგზავნეს გამოძიებისათვის წერა-კითხვის საზოგადოების საქმის მწარმოებელი იაკობ მანსვეტაშვილი და იმან მოიტანა ამბავი, რომ ვაჟას ჩხუბი მოსვლია ერთ რუსის ოფიცერთან, ისინი ერთმანეთს შეხებიან ხელით. ბოლოს და ბოლოს საქმე იმით გათავდა, რომ ვაჟა-ფშაველამ მიატოვა იქ სამსახური. შემდეგ მას ვხვდებოდი იშვიათად წერა-კითხვის საზოგადოების კანცელარიაში და ვეცნობოდი მის ლექსებს და მოთხრობებს, რომელნიც „ივერია“-ში იბეჭდებოდა. მაშინ მას უკვე სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, როგორც დიდსა და ორიგინალურპოეტს. ყველაზე უფრო მისი ნიჭის დამფასებელი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობდა: „რუსთაველის შემდეგ ჩვენ ასეთი ნიჭიერი პოეტი არა გვყოლიაო“. „ხუთშაბათობის სხდომებზე“, რომელნიც ილიას ბინაზე ეწყობოდა ხოლმე და რომელთაც ესწრებოდნენ რედაქციის ყველა წევრი, მწერლები და ილიას მეგობრები, ხშირად კითხულობდნენ ვაჟა-ფშაველას ამა თუ იმ თხზულებას. შემდეგ, როდესაც მე დავაარსე საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, ჩვენ შევუდექით აგრეთვე სახალხო პოეზიის ნიმუშების შეკრებასა და გამოქვეყნებას. გვინდოდა შეგვეკრიბა დაწვრილებითი ეთნოგრაფიული მასალები საზოგადოდ მთიელთა და განსაკუთრებით ფშავ-ხევსურების ცხოვრების შესახებ. მე ვთხოვე ვაჟა-ფშაველას: „ამას შენზე უკეთესად ვერავინ ვერ შეგვიდგენს. გასამრჯელოს მოგართმევთ, შეგვიკრიბე ასეთი მასალა. ჩვენ გვაინტერესებს, ვიცოდეთ ფშავ-ხევსურების ცხოვრების პირობები, მათი ზნე-ჩვეულებანი, მისწრაფებანი და ხასიათები“. ვაჟა-ფშაველა დამპირდა და რამოდენიმე ხნის შემდეგ მოგვიტანა შესანიშნავი მოთხრობა – „ფშაველი და მისი წუთისოფელი“, რომელიც დაბეჭდილია „ძველი საქართველოს“ მე-2 ტომში. ეს ნაწარმოები ნამდვილი პოეტური მოთხრობაა, რომელსაც თან ახლავს ფშავური ლექსები და ანდაზები. ხევსურების შესახებ ასეთი მოთხრობის დაწერა საუბედუროდ მას აღარ დასცალდა. შვილების აღზრდაში დახმარებას მთხოვდა და 1902 წელს მისი შვილი ლევანი პანსიონში მივაღებინე კომიტეტის საზოგადოების ხარჯზე. გარდაცვალების შემდეგაც მის ორივე შვილს სტიპენდიები დავუნიშნეთ და სასწავლებლად გავგზავნეთ. როდესაც იგი დასნეულდა, მოვათავსეთ სათავადაზნაურო გიმნაზიის საავადმყოფოში, შენობაში, სადაც ახლა ჩვენი უნივერსიტეტია. აქ მე მასთან ხშირად დავდიოდი და რაც შემეძლო, ყველაფერში ვეხმარებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, უდროოდ გამოეცალა წუთისოფელს. ქართული ემიგრანტული ლიტერატურა დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა გურამ შარაძის საერთო რედაქციით თბილისი.1991 წელი

  წიგნიდან: „მოგონებანი, ნახული და გაგონილი“ თავი XI გაზ. «ივერია» და ლექსები. პოეტი იოსებ დავითაშვილი. 



 ვაჟას მამა და ძმები: თედო და ბაჩანა. გაცნობა ვაჟა-ფშაველასთან. ვაჟა მასწავლებელი. ვაჟას ნაწარმოებთა წაკითხვა «ივერიის» რედაქციაში. ილია ჭავჭავაძის აზრი. ვაჟას მუშაობა «ივერიაში», თავის მინებება და წასვლა ჩარგალში. ვაჟას გარეგნობა. მისი ავადმყოფობა, სიღარიბე და სიკვდილი.


ვისაც ძველი «ივერიისთვის» თვალი უდევნებია, ეხსომება, რომ ლექსები ძალიან იშვიათად იბეჭდებოდა მაშინ. მიზეზი ის იყო, რომ ილია ძალიან მკაცრად და სასტიკად ეკიდებოდა ლექსებს და ბევრს მოსთხოვდა მოლექსეს. როცა ლექსების დაფასება მოგიხდეთ, ნუ დაივიწყებთ ჭკვიანურ თქმულებას: თავი ყველას ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი, განაღა სთქვას ერთი-ორი უმზგავსო და შორი-შორი. თუ რა არის უმსგავსო ლექსები, ადვილად გასაგებია, დარიგებას გვაძლევდა ილია: თუ ლექსში შეგხვდეთ სიტყვები: საგანი, ფიგურა, ვარდი, ბულბული, მთვარე და სხვა ამისთანეები, ბოლომდე ნუღარ ჩაიკითხავთ, გვერდზე გადააგდეთ, დროს ნუ დაჰკარგავთ. ეს ლექსი კი არ იქნება, არამედ უსაქმო კაცის ნაცოდვილარი, ლექსად ნაჯღაბნი. რასაკვირველია: ამათ რიცხვში არ მოჰყვებოდნენ ილიასი, აკაკისა, ვაჟა-ფშაველასი და ხალხური ლექსები. მაგრამ ილია და აკაკი ისეთი ძუნწები იყვნენ, რომ «ივერიას» ამათი ლექსების ნახვა არა ჰღირსებია. რაც შეეხება ხალხურ ლექსებს და ვაჟა-ფშაველას, ამათ ყოველთვის დიდი ადგილი ეთმობოდათ გაზეთში. ვბეჭდავდით აგრეთვე დავითაშვილის ლექსებს, თუმცა იმასაც ბევრი მდარე ლექსები მოჰქონდა ხოლმე, მაინც რედაქციის კარს არ ვუხშავდით: ესეც იმავე ხალხური პოეზიის წარმომადგენელი იყო. კარგად მახსოვს იოსებ დავითაშვილი, მშვიდი, წყნარი, მორიდებული, მორცხვი. მოვიდოდა რედაქციაში, შემოაღებდა კარებს და გაჩერდებოდა. — გამარჯობა, იოსებ! რას სდგეხარ მანდა, მოდი, აი სკამზე ჩამოჯექ. იოსები მაინც ადგილიდან არ იძვრებოდა და მხოლოდ ტუჩებზე ოდნავ ღიმილი მოუვიდოდა. ისე ეჭირა თავი, თითქოს რაღაცა დანაშაული მიუძღვის ჩვენ წინაშე და ბოდიშს იხდისო. — იოსებ, შენ უსაქმოდ არ მოხვიდოდი, გექნება რამე? — ვეტყოდით, რომ ცოტათი გაგვემხნევებინა და გაბედულობა მიგვეცა. მაშინ იოსები უფრო მხიარულად გაიღიმებოდა, წაიღებდა უბეში ხელს და ამოაძვრენდა იქიდან რამდენჯერმე დაკეცილ ქაღალდს. კარგად ვიცოდით რაც იყო ქაღალდში. მაინც ვკითხავდით: — იოსებ, ეს რა არის, რაზე გარჯილხარ? ახლა კი გაჰბედავდა ხმის ამოღებას და გვეტყოდა მორცხვობით: აი, პატარა ლექსი მოგიტანეთ. გადმოგვცემდა და ისევ მოწყენილი სახით დადგებოდა კარებთან, მანამ ჩვენ იმის ლექსს გადავიკითხავდით. თუ მოვუწონებდით, ისე გაუხარდებოდა, თითქოს დიდი, ძვირფასი რამ საჩუქარი მიგვეცეს. წარმომიდგენია, მეორე დღეს მისი სიხარული და ნეტარება, როდესაც თვით იგი თავის ლექსს დაბეჭდილს ნახავდა. ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ, როდესაც დავითაშვილი ლექსსა სწერდა, მთელ თავის არსებას შიგ აქსოვდა, რომ ლექსი ამისთვის დასვენება კი არ იყო, ან გასართობი რამ სათამაშო, არა, ლექსი იმისათვის მთელი იმისი სიცოცხლე იყო, მთელი იმისი სული და გული. გულუბრყვილო იყო იოსები, როგორც ბავშვი, და უმეტეს ნაწილ მის ლექსებშიაც ასეთი გულუბრყვილობა არის გამოხატული. ტყუილად ხომ არ აიღო საყმაწვილო ჟურნალმა «ჯეჯილმა» დევიზად თავის გამოცემისა დავითაშვილის ლექსი: იზარდე, მწვანე ჯეჯილო, დაპურდი, გახდი ყანაო! დავითაშვილი ხელოსანი იყო, დურგალი, მუდამ რაღაცა დატანჯული სახით გამოიყურებოდა. როცა კი მინახავს, სულ ერთი და იგივე ტანისამოსი ეცვა: ტანზე გარუჯული, გახუნებული შალის ჩოხა, თავზე ისეთივე გახუნებული გარიბალდის ქუდი და ფეხზე ხარაზის ჩუსტები. ეს იყო მთელი მისი სამკაული. არ დამავიწყდება, როგორ დაღონდებოდა და დაეღრიჯებოდა ხოლმე სახე, თუ ლექსს დავუწუნებდით. სწორედ პატარა ბავშვს მოგაგონებდათ, რომელიც ტუჩებს ჰკუმავს და სატირლად ემზადება, თუ მშობლებმა სურვილი არ აუსრულეს. დასამშვიდებლად და სანუგეშებლად ვეტყოდით ხოლმე: — რას სწუხარ, იოსებ? განა მარტო შენ ხარ? ხშირად დიდ პოეტებსაც ვერ გამოუვათ ხოლმე კარგი ლექსი, რა უშავს. დღეს ლექსი სუსტი გამოვიდა, ხვალ უკეთესს დასწერ, გულს ნუ გაიტეხ, პირველად ხომ არ სწერ. რომ შენ ნიჭს ვაფასებთ, აი იქიდგანაც დაინახავ, რომ «ჯეჯილს» პირველ გვერდს შენი ლექსი ამშვენებს: იზარდე, მწვანე ჯეჯილო… ამ უკანასკნელ სიტყვების გაგონებაზე, ცოტა გული მოულბებოდა და შინ დამშვიდებული წავიდოდა. ერთი-ორი კვირის შემდეგ ჩვენი იოსები ისევ გამოჩნდებოდა, ისევ კარებში აიტუზებოდა და ჩვეულებრივი ღიმილით სუფთად დაკეცილ ქაღალდს გადმოგვცემდა. სოფრ. მგალობლიშვილმა მუდმივ მუშაობას თავი დაანება. იმის მაგიერ უნდა მოგვეწვია ვინმე. სწორედ ამ დროს ვაჟა-ფშაველა უადგილოდ დარჩა და, რადგან მე და გ. ყიფშიძე კარგად ვიცნობდით, ვარჩიეთ ილიასთან მოგველაპარაკნა და ვაჟა რედაქციაში მოგვეწვია მუდმივ თანამშრომლად. რა გამოვიდა ამ თანამშრომლობიდან, ქვემოდ გაიგებთ. ჯერ კი ცოტა უკან უნდა დავბრუნდე და გაგაცნოთ ვაჟას ვინაობა. ვაჟა-ფშაველა ლიტერატურული ფსევდონიმია. ნამდვილი მისი გვარი იყო ლუკა რაზიკაშვილი. ლუკა მღვდლის შვილი იყო, სოფელ ჩარგალიდგან. ეს სოფელი ფშავეთის ერთ მივარდნილ ადგილშია, უწინდელ თიანეთის მაზრაში. ლუკას სამი ძმა კიდევ ჰყვანდა. ორი მათგანი — თედო და ბაჩანაც, მწერლები იყვნენ. თედო მოხდენილად სწერდა უფრო საყმაწვილო პატარპატარა მოთხრობებს; ბაჩანა დიდად ნიჭიერი პოეტი იყო და ზოგიერთი მისი ლექსი სიმძლავრით და პოეტური აღმაფრენით ვაჟას ლექსებს არ ჩამოუვარდებოდა. ვაჟას მამაზე ბევრთაგან გამიგონია, რომ ბუნებით დიდი ჭკუის კაცი იყოვო, წიგნის მოყვარული და დიდი მცოდნე ქართული ისტორიისა. სხვათა შორის, იმას მიაწერდნენ იმის ახსნას, თუ საიდგან წარმოსდგა სიტყვა ხევსური, სახელწოდება მთიელთა ერთი ნაწილის მცხოვრებლებისა. ასე ჰხსნიდა თურმე ვაჟას მამა: როდესაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა აიკლო და გაანადგურა იერუსალიმი და ებრაელები განფანტა მთელ დედამიწის ზურგზე, ბევრი ამათგან გადმოსახლებული იყო აგრეთვე კავკასიონის მთების ხევებში, და აი სწორედ ამ ხევში დასახლებულ ებრაელებს უწოდეს სახელად ხევის ურიები, ანუ, ცოტა შემოკლებით — ხევსურები. აქედგან თითონ ამ ადგილებსაც დაერქვა ხევსურეთი. არ ვიცი, პატივცემულ ვაჟას მამას რომელ «ისტორიულ წყაროდგან» ჰქონდა ამოღებული ეს ცნობა, მხოლოდ ეს კი ეჭვს გარეშეა, რომ ამის მთქმელს ჭკუა-მახვილობა ეტყობა და უფრო კიდევ დიდი ფანტაზია. იქნება მამისაგან გამოჰყვათ მის შვილებს ის პოეტური ფანტაზია, რომელმაც ასეთი ზეაღმტაცი ფრთები შეისხა მეტადრე ვაჟას ნაწარმოებში. ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი სოფელ თონეთში, რომელიც მანგლისის ახლოს მდებარეობს, სულ ოთხი ვერსტის სიშორეზე. ეს ასე მოხდა: ვაჟა მასწავლებლად იყო თონეთის სკოლაში, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებას ექვემდებარებოდა. ერთხელ საზოგადოებას ქაღალდი მოუვიდა, საიდგანაც ვცანით, რომ ვაჟას რაღაცაზე ჩხუბი მოჰსვლია მანგლისში მყოფ ჯარის აფიცრებთან და ხელის შეხებით შეურაცხყოფა მიუყენებია. საზოგადოებამ დაადგინა, გაეგზავნა მმართველობის რომელიმე წევრი, ადგილობრივ საქმის გამოსაკვლევად. მე მაშინ საზოგადოების მდივნად ვიყავი და მე მომიხდა თონეთში წასვლა. აქ ვაჟას ნაამბობიდან შემდეგი გავიგე: თონეთში სამი რუსის ოფიცერი მოსულიყო და დუქანში ქეიფი გაემართათ, მიეწვიათ ვაჟაც. სმის დროს ერთ აფიცერს რაღაც არასაკადრისი სიტყვა ეთქვა ქართველების შესახებ; ეს ვაჟას შეურაცხყოფად მიეღო და სილა გაერტყა ამ აფიცრისათვის. ატეხილიყო ჩხუბი, აურზაური, ვაჟასთვისაც ბევრი ეცემათ, მაგრამ ამასაც არ დაეკლო. გაეშველებინათ, და ამით გათავებულიყო საქმე. თუმცა მაინცდამაინც დიდი არაფერი მომხდარიყო, მაგრამ შესაძლებელი იყო, საქმე ცუდად დატრიალებულიყო. რაც უნდა იყოს, მაინც აფიცერი იყო შეურაცხყოფილი. ვაჟა თითონაც გრძნობდა ამას და მითხრა: თუ საზოგადოებას რაიმე უსიამოვნება მოელის ჩემი გულისათვის, მე თითონ დავანებებ თავს აქაურ მასწავლებლობას, მაინც გული არ მიდგება ამ გადაყრუებულ ადგილას. ვაჟას სკოლაში ჰქონდა ბინა და მეც მასთან ჩამოვხდი. საღამოს ოჯახობამ რომ მოისვენა, მე და ვაჟა მარტო დავრჩით. ვაჟამ ლაპარაკი ჩამოაგდო «ივერიაზე» და, სხვათა შორის, მკითხა: აი ლექსები და პატარა მოთხრობები მაქვს დაწერილი და «ივერია» ხომ არ დამიბეჭდავსო. მერე გამოალაგა დიდრონი რვეულები და წამიკითხა ჯერ «შვლის ნუკრის ნაამბობი», საყმაწვილო მოთხრობა, მერე პოემა, «მოხუცის ნათქვამი». ჩემს აღტაცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ვუთხარი: — შე კაი კაცო, თუ მაგისთანა ძვირფასი მარგალიტები მოგეპოებოდა, აქამდინ რას ინახავდი ძუნწივით, ზანდუკში ჩაკეტილებს. მომეცი, ხვალვე წავიღებ «ივერიაში», დიდის სიამოვნებით დავბეჭდავთ, და სასყიდელსაც მიიღებ. ვაჟა ნასიამოვნები დარჩა, მხოლოდ მითხრა: მოთხრობა უკვე გავგზავნე საყმაწვილო ჟურნალში დასაბეჭდად, და «მოხუცის ნათქვამს» კი ცოტა კიდევ გადავათვალიერებ. ჩქარა მე თითონ ჩამოვალ ქალაქში და ამეებსაც ჩამოვიტან. სხვებიც ბევრი მაქვს ნაწერიო, და მაჩვენა ერთი კარგად მოზრდილი რვეული, სადაც მოთავსებული იყო დიდი პოემა, სახელად «თამარიანი». მერე, აღარ მახსოვს, ასე დაბეჭდა ეს პოემა, თუ შესცვალა და სხვანაირად გადააკეთა. რამდენჯერმე კიდევ გადავაკითხვინე «მოხუცის ნათქვამი». მეტადრე მომეწონა ის ადგილი, სადაც მოხუცი ამბობს მეფე ერეკლეზე. არწივს მაღლისა მთისასა ნეტავ, რად უნდა ქებანი. ამ მოსწრებულმა, მოსხლეტილმა შედარებამ ისე იმოქმედა ჩემზე, თითქოს უცბად ცამ გაიელვა და თვალები მოულოდნელად გაგინათაო. მეორე დღეს გაკვეთილებზე დავესწარ სკოლაში. ვაჟა უხსნიდა ბავშვებს, თუ რა არის ერთეული. აგერ წამოაყენა ერთი პატარა, ეგრე ექვსი-შვიდი წლის ბიჭუნია, ცოცხალი, ცქრიალა თვალებიანი, ღია სანდომიანი სახის და ჰკითხა: აბა, შენ მითხარი, რა გყავთ შინ ერთადერთი. იმანაც ჩამოთვალა: დედა, მამა, ძმა, მურია ძაღლი, ძროხა. აქ მეორე ბავშვმა თითი აიშვირა, მაგრამ ვეღარ დაიცადა, რას ეტყოდა მასწავლებელი, და მიაძახა: — რასა სტყუი, ბიჭო? ერთი კი არა, ორი ძროხა გყავთ! — ის მეორე ხომ ბერწია, — დაუყოვნებლივ უპასუხა პირველმა. ეს პასუხი მეტად საგულისხმიერო იყო, როგორც გამომსახველი გლეხის ბავშვის შეხედულებისა. იმას ისე წარმოედგინა, ვითომ ძროხას ეწოდება ძროხობა მხოლოდ მაშინ, თუ ხბო ჰყავს და რძეს იძლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არც ძროხაა, არც ხარი, არამედ საშუალო რაღაც არსება. ტფილისში დაბრუნებისას ერთხელ კიდევ გადავიკითხე საყმაწვილო ჟურნალ-ში დაბეჭდილი «შვლის ნუკრის ნაამბობი», და იმ დღესვე მოვათავსე «ივერიაში» რეცენზია, სადაც, სხვათა შორის, ვამბობდი: ასეთი მოთხრობის დაწერა შეუძლიან მხოლოდ დიდ ნიჭს. ამ მოთხრობას ერთგვარი სიამოვნებით წაიკითხავს როგორც დიდი, ისე პატარა მკითხველი. და სწორედ ეს არის უტყუარი საბუთი ნიჭის სიდიადისა. და შესადარებლად მოვიყვანე დიდებული გიოტეს «რეინეკე ლისი», რომელიც ერთგვარად სასიამოვნო წასაკითხი და საგულისხმიეროა როგორც დიდი ადამიანებისათვის, ისე პატარა ბავშვებისათვის. ამას ვუმატებდი: ვაჟას ერთგვარ ეხერხება წერა, როგორც პროზით, ისე ლექსად. ორთავე გვარს წერისას აზის უტყუარი ნიშანი მაღალი ნიჭიერებისა, პოეტურ შემოქმედების ძალისა. ასეთი შეზავებული ნიჭის პატრონი დიდს იმედებს იძლევა და, ეჭვი არ არის, ვაჟა-ფშაველა საპატიო ადგილს დაიჭერს ჩვენს დიდ მწერალთა შორის. ილიამ რომ ეს რეცენზია წაიკითხა, შემოვიდა რედაქციაში და გვითხრა: აბა ერთი მაჩვენეთ ეგ მოთხრობებიო; წავუკითხეთ, კითხვის დროს ილიას სიამოვნების შუქი გადაჰკრავდა სახეზე. კითხვა რომ გავათავეთ, ილიას აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა: წარმავალმა დიდმა ნიჭმა გულით იგრძნო მომავალი დიდი ნიჭი. კოჭებზედვე ეტყობა, რა ვაჟიც უნდა გამოვიდეს მაგ ვაჟასაგან, შორს წავა, შორს! გაიძახოდა ილია თავის ჩვეულებრივ შორსმჭვრეტელობით. მომაგონდა რუსეთის გამოჩენილი კრიტიკოსის ბელინსკის სიტყვები, თქმული ლერმონტოვის შესახებ, როდესაც ეს პირველად გამოვიდა სალიტერატურო ასპარეზზე და თავისი მაღალნიჭიერი ლექსებით ყველა გააკვირვა, გააოცა. ბელინსკის ჰკითხეს: ეს მეორე პუშკინი ხომ არ არისო. და მაშინ ბელინსკიმ იწინასწარმეტყველა: «Нет, он далеко пойдет, превзойдет Пушкина: слишком широко шагает». შემდეგ, ცოტა გვიან, ვაჟამ თავისი «მოხუცის ნათქვამი» მოგვიტანა «ივერიაში» დასაბეჭდად. რედაქციაში შევიკრიბენით თანამშრომლები. ხელთნაწერი წავიკითხეთ. მკითხველის მოვალეობა კისრად ედვა გიგა ყიფშიძეს, რომელსაც რედაქციის მედავითნეს ვეძახდით. გიგამ თავისებურად, გრძნობით გადააბულბულა. — გიგა, აბა ერთი კიდევ გადაიკითხე, — ეუბნება. ილია. გიგამ გადაიკითხა, ილია დიდხანს ჩაფიქრებული იჯდა. ეტყობოდა, დიდი შთაბეჭდილება იქონია წაკითხულმა. მერე თითქოს ძილიდან გამოერკვაო, ილიამ აღტაცებით წამოიძახა შემდეგი სიტყვები, რომელიც ბელინსკისებურად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: — არა, ჩვენ, ძველებმა ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ! გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ! იქნება ეს სიტყვები ცოტა გადამეტებულიც იყო, მაგრამ სიმართლეს კი არ იყო მოკლებული. რომაელები იტყოდნენ ex ungue leonem… ე. ი. ბრჭყალებზე სცანით ლომიო. ილია შთაგონებით მიჰხვდა, რომ ახლად გამონავარდებული ლომის ლეკვისაგან დიდი და მძლავრი ლომი გამოვიდოდა. ვაჟას რედაქციაში მოწვევა მუდმივ მუშაობისათვის გადაწყვეტილი იყო. მხოლოდ ილია ცოტად ეჭვობდა და გვეუბნებოდა: — კარგსა ვშვრებით, გამოგვადგება? ან კიდეც რომ გამოგვადგეს, ცოდო არ იქნება, მაგისი ნიჭი გაზეთის მუშაობაში ჩავკლათ?! მართალს ამბობდა ილია. აქაც წინასწარ გრძნობამ არ უმტყუნა მას, და მალე თვით ვაჟამ მოგვცა პასუხი ზემოდ მოყვანილ საეჭვო საკითხზე. ვაჟამ რედაქციაში იმუშავა მხოლოდ სამი დღე. ვაძლევდით გადასაკითხად და გასასწორებლად კორესპონდენციებს, ვათარგმნინებდით პატარა წვრილ ამბებს რუსული გაზეთებიდან. ორ დღეს მუშაობდა, თუმცა იმის მუშაობას დიდი ხალისი არ ეტყობოდა. მოვიდა რედაქციაში მესამე დღეს. ცოტა ჩაფიქრებული იყო, მივეცი რუსული გაზეთი, მოვუხაზე ერთი ადგილი უცხოეთის ცხოვრების ამბებიდგან და ვუთხარი: — აბა, ლუკა, ეს ადგილი მალე გადათარგმნე, თორემ სტამბა ძალას გვატანს და მასალა კი ცოტა გვაქვს. მე საქმეებში გავერთე და ვაჟა დროებით გადამავიწყდა. მომაგონდა და ვუთხარი: — რა ჰქენ, ლუკა, გადათარგმნე? წინ დაწერილი ქაღალდი ედვა. ვიფიქრე ეს სწორედ ნათარგმნი იქნება-მეთქი და ხელი დავავლე გადასათვალიერებლად. დავხედე, — ლექსია. — ეს რა ამბავია, ლუკა? — ვეკითხები. — თარგმანის სამაგიეროდ ეგ ლექსი დავწერე. თარგმნის მაგიერობას გასწევს. ამავე დღეს ვაჟამ გამოგვიცხადა, რომ რედაქციას თავს ანებებს: მე აქ მუშაობას ვერ შევძლებო. რედაქციას თათბირი ჰქონდა. და ასე გადავწყვიტეთ: მიგვეცა ვაჟასთვის თვეში ხუთი თუმანი, და ვაჟას, სამაგიეროდ, ევალებოდა თვეში რაიმე ნაწარმოები უსათუოდ მოეწოდებინა. ვაჟა აიბარგა და გასწია თავის ჩარგალში. დაუბრუნდა არწივი თავის საყვარელ მთებს. ვაჟა სინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას. დროგამოშვებით ჩამოდიოდა ვაჟა ტფილისში, ხურჯინაკიდებული ცხენით. ხურჯინში ელაგა საგზალი: ხორცი, პური — ტფილისში საცხოვრებლად — და ლექსები, მოთხრობები, პოემა და კიდევ სხვა ნაწერები ფშაველების ცხოვრებიდან. დაუტოვებდა ყველა ამას რედაქციას და ისევ გაემგზავრებოდა თავისი საყვარელი მთებისაკენ. და ასე და ამგვარად მთის კაცი ვაჟა ჰკვებავდა სუსტს ქართულ მწერლობას, როგორც მთის პატარა ნაკადული, მდინარედ ქცეული, ჰრწყავს და სულს უდგამს ბარის გადამხმარ დედამიწას. ერთ დღეს ჩვეულებრივ შემოვიდა ვაჟა, მთიდგან ჩამოსული, და წარმოგვიდგა წინ თავისი ძღვნით: ბოღჩაში გამოკრული ლექსებით და პოემებით. მხოლოდ რა სახით წარმოგვიდგა! მაგრამ წინასწარ საჭიროდ ვრაცხთ ორიოდე სიტყვის თქმას. ვაჟა გარეგნობით მშვენიერი სახის კაცი იყო: მაღალი, ტანადი, ბრგე, ჯან-ღონით სავსე. მისი გულ-მკერდი და თვალები ხომ ნამდვილ მთის არწივს მოგაგონებდათ. ხასიათით, ზნითაც ნამდვილი არწივი იყო, ამაყი, შეუპოვარი. დღეს აი ეს ბრგე კაცი წარმოგვიდგა და რა სახით: ჩამომხმარი, წელში მოხრილი, თვალებგადმობრუნებული, ჩამობღერძილი, დასნეულებული, სწორედ ფრთებდაშვებულ ბებერ არწივს მოგაგონებდათ. შეგვაძრწუნა ამ სანახაობამ და ერთხმად მივაძახეთ: — ლუკავ, რა მოგსვლია? ვაჟავ, რა დაგმართნია? აქ ვაჟამ გვიამბო თავის ჩვეულებრივ ეპიურ-დინჯი კილოთი შემდეგი სამწუხარო თავგადასავალი. მთაში დაეკლათ ჭირიანი ძროხა. ხორც დანატრებული ხალხი არ მოჰრიდებოდა ჭირს და საკლავი მთლად გაეტაცნათ. ვაჟაც სულს წაეძლია და ეყიდნა ხორცი. ეფიქრა: საცა ამდენი ხალხი, მეც იქაო. ამის იმედიც ჰქონდა: კარგად გავრეცხავ, მოვხარშავ და ჭირი რაღა ჭირს მომჭამსო. საწყალ ვაჟას არ გაუმართლდა ეს იმედი. და ახლა დასნეულებული, დასახიჩრებული ადამიანი იდგა ჩვენ თვალწინ. ეს კი იყო: ეს სნეულება ხორცს მოჰრეოდა და სულისთვის კი ვერა რა ევნო. რედაქციაში მოტანილ ლექსებს ისეთივე ბეჭედი ესვა დიდის, გაუნელებელი ნიჭიერებისა, როგორსაც აქამდინ მიჩვეულნი ვიყავით ვაჟასაგან. ისედაც სიღარიბისაგან დაჩაგრული ვაჟა, ამ სნეულების გამო უფრო დიდს გაჭირვებაში ჩავარდა. წვრილშვილი იყო. ბევრს მუშაობდა, წელებზე ფეხს იდგამდა, მაგრამ მთის მწირი მიწა საკმაო საზრდოს არ აძლევდა. სიღარიბისათვის თავი ვერ აერთვა. დაგლეჯილ ჩოხაში გახვეული, მიღრეცილ-დაჯღანული ფეხსაცმელებით, თვალებზე შავი, მუქი სათვალეებით აფარებული შემოვიდოდა რედაქციაში, გახსნიდა თავის ბოხჩას და ამოალაგებდა ასეთ მარგალიტებს, როგორც: «გოგოთური და აფშინა», «ბახტრიონი» და მრავალი სხვა. ვაჟას შემოქმედებით ძალას, ბუნებით მომადლებულ ნიჭს სნეულებამ ვერაფერი ავნო. მაგრამ ხორცი კი სძლია: ჩამოხმა; ეს, ოდესღაც მძლავრი კაცი, ჩონჩხად აქცია, ჭლექად ჩააგდო და უდროვოდ სიცოცხლეს გამოასალმა. 

  მოსე ჯანაშვილი – “ვაჟა-ფშაველობა” 


 ყველა დიდ მიცვალებულის შესახებ აუარებელი წერილი იწერება და ყველა ეს წერილი ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, თითქო ახალი მიცვალებულისთანა არც ყოფილა და არც იქნება. ილიათი ჩაესვენა საქართველოს მზე… აკაკით დასრულდა რუსთაველობა… ვაჟათი მოისპო მესაიდუმლეობა მთისა, ქართველი ერისა… არჩილ ჯორჯაძეს რომ საუკუნო ბინისკენ ვაცილებდით, მთელი თბილისი გამოფენილი იყო მგლოვიარების საყურებლად და ყველანი ჰკვირობდნენ, ვინ არის ეგეთი დიდი განსვენებული, რომ მის კუბოს ზღვა ქართველობა მისდევსო, ერთმა მკითხა: “კიდევ გყავთო ასეთის ზეიმით დასამარხავი?” – ბევრი მეთქი. ძალიან ბევრი! – შევატყვე, არ ესიამოვნა უცხოელს ჩემი პასუხი და გამშორდა. მე მაშინ არ ვიცრუე, არამედ წრფელის გულით ვუპასუხე. ჩვენი წარსულის გათვალისწინება საბუთს გვაძლევს ვთქვათ, რომ საქართველო დაბადავს არა-ერთ ბარათაშვილს, არა-ერთ ილიას, აკაკის, ვაჟას… დიდი მოღვაწე, უკვდავი მწერალი და მგოსანი უდაბნოში არ ჩნდება, არამედ ყოველი ნიჭი იბადება განაყოფიერებულს და გაპოხიერებულს ნიადაგზე, იზრდება, ვითარდება და ძლევამოსილობას იძენს ადგილობრივ გარემოს მრავალგვარ ხელშემწყობ პირობათაგან. საქართველოს ჯერ სძინავს, რომ დროით დრო აღმოაჩენს მხოლოდ თითო-ოროლა მადლით მოსილს, თორემ აქ ისეთი პირობებია, რომ მას შეუძლიან ასაზრდოვოს არა ერთი და ორი აგეთი, არამედ ათასი, უამრავი. მამა-პაპას ბევრი კეთილი დაუზოგვია ჩვენთვის და თვით განგებასაც არ მოუკლია ჩვენთვის ნიჭი, გამბედაობა, შრომის უნარი, ზრდილობა მესხისა, გმირობა იმერისა, სიმდიდრე ქართლელისა, ხმალი-კახისა-ყველა ეს მოუმადლებია ღმერთს ქართველისთვის. ახლა რად ღირს თვით მშვენიერება და სიკეკლუცე ჩვენი სამშობლოსი!… ფერადი მობიბინე ველები, კოხტა ბორცვები და კორდები; დევი მთები, ცამდე ასრბოლილი მწვერვალებით მოკვერცხილნი; ბარად მოდუდუნე და ყვირილა მდინარეები; სპეკლად გადმომქუხარე ჩანჩქერები; ფირუზ-ზურმუხტი ცა, უღრანი ტყეები მრავალგვარ ფრინველითა და ნადირებით; ზომიერი ჰაერი: დიდებული გადასახედავები და საოცარი სახილველები. ყველა ეს, გინდათ თუ არა, მოსახლეს სამგოსნო ფეხზე აყენებს, სიმკვირცხლის უნარს უღვივებს. ჩვენი ქვეყნის შვენიერებას ზედ ემატება კიდევ შვენიერება მამა-პაპათა ნამოღვაწისა: ველი-ბორცვი-მთა ნაბიჯსა და ნაბიჯზე შემოსილია აუარებელ საოცარ ძეგლებით, ქვეყანა გადათხრილია რუ-არხებით, შემკულია ლამაზ-ლამაზი სოფლებით, წიგნთსაცავები სავსეა ტყავზე ნაწერ წიგნებით, შორს წარსულიდამ ალერსიანად გამოიყურება არა ერთი საკვირველი მოღვაწე, თვალსაჩინო მწერალი, მგოსანი (მათ შორის არა თუ პაწია საქართველოს, არამედ მსოფლიოს დამამშვენებელიც, ვით შოთა), სჯულმდებელი, თავდადებული გმირი; გამოიყურებიან, რომ შეამოწმონ, რას ვაკეთებთ, რას ვშვრებით, როგორ ვემსახურებით საქართველოს. ამავე დროს თვით ერში მრავლათ-უმრავლეს კიდის-კიდემდე განფენილია სიტყვიერებითი თქმულება-გადმოცემანი ღმერთებსა და ბუნებაზე, ზესკნელსა და ქვესკნელზე, კაცსა და პირუტყვზე, კარგსა და ავზე, ცხოვრებასა და სიკვდილზე, მეგობრობასა და მტრობაზე, სააქაოსა და საიქიოზე. და სხ. და სხ. მთელი ბუნება აუმეტყველებია ქართველს, მის ყოველ შემადგენლობისათვის მიუნიჭებია ხუთივე გრძნობა: “დროით დრო ცას კარები ეღებაო”. “წამით წამს წყალსაც ძილი ერევაო; ამ დროს ჩერდებიანო მდინარეები, მაღლიდან დაწყებული ჩანჩქერებიც ადგილზე ყუჩდებიანო”. ,,ჩვენი სოფლის მუხა დუდუნებსო”. “ყვავმა გასძახა ყვავსაო: “ჩავარდი გულის ხმასაო”. “მთა წმინდა ჩაფიქრებულა”. “მყინვარმა ქედი მოიხარაო იალბუზის წინაშე”. აგერ გმირთ-გმირებიც: ჰკვნეტენ რკინას, ისვრიან ათას ლიტრიან კონცხებს, აღმოჰკვეთენ კალოს ტოლა ბელტებს, წიხლით შეანგრევენ ციხე-კოშკების კედლებს, ერთი ჰმუსრავს ათს, ათი ლეწავს ათასს… ამ გვარ ფერადებით მორთულია ის თვალწარმტაცი წალკოტი, რომელშიაც ჩნდებიან და იზრდებიან შოთაები, დავითები, ილიები, აკაკიები, არჩილები, ვაჟაები და მომავალშიაც გაჩნდებიან (თუ ეხლავე არ გაჩენილან!) და ფრთას შეისხამენ ბევრი სხვა ვაჟაები, სამშობლო მიწა-წყლის მესაიდუმლენი. კულტუროსანს ჩვენს სამემკვიდრეობო ყველასთვის არის საკმაო დაზოგილობა: მგოსნისთვის, მქადაგებლისთვის, მხატვრისთვის, მეცნიერისთვის მეტადრე ისეთ რჩეულთათვის, ვით ვაჟა, ილია, მოჩხუბარიძე და სხ. შოთა დღევანდელ ქართველებისთვის ცოცხალი უნივერსიტეტია. სწორედ ამ შოთას უნივერსიტეტში ისწავლეს ბარბარე ჯორჯაძემ, ნეტარ-ხსენებულმა მგოსანმა დავითაშვილმა და სხ. ამ უნივერსიტეტის ბარაქიანობა ჯერაც მკვიდრობს სოფლითი სოფლად, მეტადრე მტრის აკლებისაგან უფრო გადარჩენილს ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთში, რაჭას, სვანეთს, ლიხის მიუვალ ღელეებში. აქ იზრდებიან და აქვე საზრდოობენ პატარა დავითაშვილები, მესტვირეები. ჩვენი სიამაყე ვაჟაც შვილი იყო გარემო ჰაეროვნებისა და ჰაეროვნებამ ბუნებითვე დიდი ნიჭის პატრონი უკვდავ და დიდებულ მგოსნად მოგვევლინა. ამასთანავე იგი ევროპიულად განათლებულიც იყო. მან მრავალი ძვირფასი საუნჯე შეიძინა, როდესაც დაეწაფა თავის სათაყვანო მსოფლიო მეცნიერებს და მესაიდუმლოებს: სპენსერს, ტეილორს, გიოტეს, შილლერს, ჰეინეს და სხ. აღარ ვიხსენიებ შოთას, გურამიშვილს, ბარათაშვილს, მეტადრე ილიას, აკაკის და სხ., რომელთა გეგმაზე ჩამოაყალიბა მან თავისი მშვენიერი ეთნოგრაფიული წერილები (იხ. ,,ივერიაში”). ხალხის თქმულებასაც იგი მძლავრად ეწაფებოდა. 25-დე წლის წინათ მე დავბეჭდე ,,ქართველთა თქმულებანი” (მზრუნველის ჟურნალში) და მათ შორის ,,ყველაფრის ენის მცოდნე”. კაცი ყოველ სულიერ და უსულო საგნის ენის მცოდნედ მაშინ გახდა, როდესაც გველთა მეფემ ჩააფურთხა მას პირში. ვაჟას ნუსხაში კი ყველაფრის ენის მცოდნედ მაშინ გახდა, როდესაც გველის ხორცი შეჭამა (იხ. მისი დიდხელოვნური პოემა ,,გველის მჭამელი”). ვაჟა იყო ცოცხალი ალაბასტრი იმ ღვთიურ სურნელება-ყვავილებისა, რომელიც ჰფშნიდა ქართველ ერის მიერ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში დარგული და სათითაოდ მოვლილ მტილ-წალკოტში; იგი, როგორც ღვთიური მეწალკოტე, უკეთეს ყვავილებიდამ აგროვებდა სურნელოვნებას შესამზადებლად იმ თაფლ-გოლეულობისა, რომელმაც დაატკბო სამშობლო ქვეყანა და რომელსაც ჩვენში დაენათლა სახელი-ვაჟა-ფშაველობისა… ვიდრე არსებობს საქართველო, იარსებებს მის სასოების და მოლოდინის სათუთად გამომსახველი, თაყვანსაცემელი, ქონებით ღარიბი, ხოლო სულით მდიდარი ვაჟა-ფშაველაც… ვიმეორებ, ნუ ამბობთ მოისპოო ვაჟა-ფშაველობა. მალე მას მოჰყვებიან სხვა ვაჟა-ფშაველები და უმეტესის სიძლიერით აღმოცენდებიან ახალი მოჩხუბარიძეები, სხვა ნინოშვილები, ახალი დავითაშვილები, სხვა ილია-აკაკიები. კოხტად მორთული საქართველო ვერ იძუნწებს ტალანტებით, ვერ მოიკლებს სხივოსნებს მგოსნობასა, მეცნიერებასა თუ სხვა დარგში. 


  მოსე ჯანაშვილი – “ვაჟა ფშაველას წმ. კუბოსთან” 



 თავზარი დაგვცა ვაჟას სიკვდილის ამბავმა. მეორე დღეს დილითვე გავეშურე ძვირფას ცხედრის თაყვანსაცემლად. ესვენა კუბოში ყინულის ნაფლეთებ შემოწყობილი. უჩვეულო სანახაობამ გონებით გადამაფრინა ვაჟას სამშობლოში, იქ, საცა მას ცათამდე აყუდებულს მთა-კლდოვანებისა და ყინულის კონცხებ გარემოცულს არაერთხელ უხარნია ბუნების სიდიადით და ზუსტად ხელი აღუპყრია მშვიდობისათვის ქვეყნისა და სათნოების დამყარებისათვის კაცთა შორის. ახლაც კუბოს კედლებ შუა მომწყვდეულს მეტად აღეხვნა თვალნი, მხოლოდ უსულოს, პირი დაეღო ისე, თითქო გამზადებულიაო ლოცვა-ვედრებად და ამბობსო: ,,ყინული მაწევს მყინვარი, საკუთარის ღვთის ტკბილი ხმა ყურს მეწვეთება აღარა”… ერთი თვის წინად-კი სულ სხვაგვარად დამხვდა. შევედი თუ არა მის სანახავად, მომაპყრო თვისი გამჭრიახი თვალები, ტკბილად მომეალერსა დიდი ხნის მეგობარს და მითხრა: – გმადლობ ნახვისთვის, მეტისმეტად გმადლობ. კვლავაც მითქომ შენთვის და ახლაც გეუბნები-მე ვიყავი და სიკვდილამდეც ვიქნები უკეთესი თანამოზიარე და თანამოაზრე შენის მუშაობისა. ვერ იქნა, ვერ შევეგუე იმათ აზრებს და მიმართულებას, რომელნიც წარამარად იხარჯებიან შოთა რუსთაველისა და სხვადასხვა კითხვების შესახებ. კლარჯეთ-აჭარაში მკვიდრთა გაქართველება ძლივს დასრულდაო მე- XI საუკუნეში, კახეთის მოსახლეობაც უცხო მოდგმისა იყოო და მერე გაქართველდაო, ივერია სამეგრელო არისო. ამისთანა ვითომ-მეცნიერებამ ჩემს თავში ადგილი ვერ ჰპოვა. ამგვარ მეცნიერებას უარჰყოფდნენ თვით ილია-აკაკიცა. მაგრამ ეგ რა! ჩვენს (აქ გამოვტოვეთ ერთი სიტყვა-მ.ჯ. დაუწერია და შემდეგ წაუშლია-,,შეძლებულ (მოძულე”)) მეცნიერებს ეჭვი შეაქვთ თვით ქართველ კათოლიკეთა არსებობაშიაც. “თუ არიან აგეთი ქართველებიო!” იმერეთში მე IX საუკუნემდე წირვა-ლოცვა ბერძნულს ენაზე სწარმოებდაო. სამწუხარო ის არის, რომ ამისთანა აბდაუბდა ჩვენში მეცნიერებად იწოდება და მათ ავტორებს ტაშით ეგებებიან ზოგიერთნი. ჩვენი შოთა მერანიდამ დონკიხოტის როსინანტზე ჩამოსვეს. ამირან-დარეჯანიანის ასლი ვიპოვნეთო. მერე სად არის. რატომ ამ ათიოდე წლის განმავლობაში ვერ გვახილვეს ის ასლი. მე არც ის მჯერა, რომ იყოს რაღაც იაფეთური ჯგუფი, რომ სემიტების მონათესავენი ვიყვნეთ. ამის დასამტკიცებლად ამოშლილი მაგალითები დომხალივით არეულ ცხრაწვენას მომაგონებს და არა რასმე დასაჯერებელ საბუთიანობას. ყველგან ქართველების დაჩრდილვა, დამალვა ქართულ წყაროებისა, მაგ. “არქაუნას” შესახებ, ცალმხრივ გაშუქება აღძრულ კითხვებისა, ქართული ენის მრავალ ენებად დაყოფა, დაქსაქსვა, ბარბაროსობად გამოცხადება ქართულ სახელების დაბოლოებისა (ეთ-ს მაგიერ იოტა-ს წერა)-ყველა ეს უკიდურეს ტლანქობის ნაყოფია და არა დამჯდარ აზროვნობისა და საქმიანობისა. ყველა ამის შესახებ მე ხმას ამოვიღებ თავის დროზე, ჯერჯერობით კი ჩემი საზრუნავი ეს არის, რომ მალე გამოვიდე აქედგან და ჩემს მთებს ვეწვიო. იცი, რა დიდებულებაა იქ! ბუმბერაზი დევი მთები და ბროლი ჩანჩქერები ჩემს გულს იქითკენ ანდამატივით იზიდავენ. ძალიან დავაშავე, რომ აქ მოვემწყვდიე. თავიდგანვე სამშობლოს მთებისკენ უნდა წავსულიყავ და ისინი და იმათი სული მომარჩენდნენ. ერთხელაც ძალიან დავუძლურდი, მაგრამ დროით მივაშურე მთებს და განვიკურნე. ვეჭობ, ეხლაც წამლებმა მომარჩინონ. მთის კაცისთვის ცოტაა წამლის აქაურული განაკვეთი: ჩვენში ერთიორად მეტს სმენ და ძლივ შჭრის. ჩვენებური ბუნება, სჩანს, სხვაა. ასეა თუ ისე, ჩემი სულ-გული მთისაკენ მიიხარის. იქაურ წყაროებს ჯანაოზ ექიმის ძალა აქვს. ჩემს წყალმანკს მყის დაადნობენ იქაურ ჰაეროვნების დახმარებით. მიამა შენი მოსვლა უფრო იმიტო, გამეგო შენი აზრი შესახებ თამარ მეფის საუკუნო ბინისა. დარწმუნებული ვარ, უკვდავი დედოფალი დასაფლავებულია არა გელათში, არამედ ჩვენს მთაში. ამას მოწმობს თეიმურაზ მეფის სიგელიც. მართლა, კინაღამ დამავიწყდა, როგორ მიდის შენი ლექსიკონის საქმე. მეტად დიდი და ვრცელი შრომა გამოგსვლია: ორჯერ დიდი ჩუბინაშვილის ლექსიკონზე. ეგ კაი სამსახურს გაუწევს ჩვენს ხალხს. საჭიროა მხოლოდ დროით დაიბეჭდოს. მიკვირს, რატომ არ წარუდგენ წერა-კითხვის საზოგადოებას. აქედგან მალე გამოვალ და ერთი შენი მუზეუმი დამათვალიერებინე, კაი წიგნები ბევრი გამოგიციათ და მინდა სასულიერო პოეზიას საფუძვლიანად გავეცნო… ეტყობოდა კიდევ ბევრი რამ უნდა ეამბნა საქართველოს წარსულის მოტრფიალე მჭერმეტყველ მგოსანს, მაგრამ შემობრძანდა მორიგე ექიმი და მე გამოვეთხოვე ძვირფას მეგობარს ვაჟას. საღმთო მოვალეობად ჩავთვალე სტენოგრაფიული სისწორით გამოვაცხადო ის, რაც მის ნახვის დროს მიამბო აწ ღვთივგანსვენებულმა მრავალმხრივ განათლებულმა დიდმა მგოსანმა ვაჟა-ფშაველამ. დე საზოგადოებამ გაიცნოს მისი უკანასკნელი სიტყვა-ანდერძი.

Комментариев нет:

Отправить комментарий